ოთხშაბათი, 24.04.2024, 10:17
WWW.KUTAISI.BOS.GE
მოგესალმებით სტუმარი | RSS
საიტის მენიუ
კატალოგის კატეგორიები
ფილმები [25]
ფილმები
კლიპები [10]
მუსიკალური კლიპები
პროგრამები [35]
პროგრამები
მუსიკა [15]
მუსიკა
წიგნები [15]
წიგნები
სურათები [5]
სურათები
სხვადასხვა [10]
სხვადასხვა
თამაშები [1]
თამაშები
ჩვენი გამოკითხვა
შეაფასე საიტი
სულ პასუხები: 181
მთავარი » ფაილები » წიგნები

დათა თუთაშხია
13.03.2008, 14:44

დათა თუთაშხია ხელმწიფის ტახტის ფასად ვერ მოახერხებდა ტყუილს... 

 
... და იქმნა კაცთათვის:
სინდისი - ნიჭად მხილებისათვის თვისთა მანკიერებათა, ძალა - ილაჯად თვისისავე სულის ხარვეზთა დაძლევისათვის, სიკეთე – უნარად რგებისათვის თავისა, გარნა მოყვასთათვის რგებისა შედეგად; დედაკაცი – არსად მრავლებისა და პირობად კაცთა მოდგმის მარადობისა; მეგობარი - საზომად სულგრძელობისა და სამჟღავნებლად თავდადებისა თვისისა; ერი – ასპარეზად პირუთვნელი მსახურებისა და მსხვერპლად მისვლისა; ვენახი და მინდორი - ადგილად დაღვრისათვის ოფლისა, არედ განგების ნების აღსრულებისა; პური და საქონელი ყოველი - საზრდელად თავისა და მისაძღვნელად სხვათათვის; სოფელი - სივრცედ მიგებისათვის სიყვარულისა, რომელი იყო ღმერთი.
იქმნა ყოველი მარტოოდენ, ვითარცა ზემორე ითქვა, რწმენა და ზნე ესევითარი იყო განმჯდარ სიყვარულად ყოველსა ასოსა შიგან სიღრმეთა სულისასა კაცთა. ჰყავდა ერსა განმგებლად და მორიგედ ქვეყნიერთა საქმეთა თვისთა ჭაბუკი პირმშვენიერი და რაინდი კეთილაღნაგი - თუთაშხა. არა იყო იგი სულდგმული ერთი და ძე ხორციელი, არამედ სული კრებითი, არსი მყოფი კაცთა წიაღსა შინა, ვითა წახნაგთაგანი მათი უპირველესი.
შვა ამა ვითარებამან ერსა შიგან სიბრძნე გონებისა რომელმან: ჰპოვა მარცვალი ველური, ქმნა ყანად და დაუდვა კაცთა პურად არსობისა, შეიპყრა ხარი ტრამალსა ზედა, შინაურ ჰყო და განაწესა გამწევად ტვირთისა; აღაგო ბორბალი და გასჭრა გზა სანათესაოდ ტომთა შორის; ისწავა ვარსკვლავეთი და მიანიჭა კაცთ უნარი ამინდთმეტყველებისა; მოიხელოვნა რუკა სლვად წყალთა და ხმელთა ზედა და მიკვლევად უცნობთა ერთა; შეთხზა ანბანი გამოცდილებისა და ცოდნათა აღნუსხვად შთამომავალთათვის და გაახარა ვაზი მადლისა აღსავლენად ამა სიბრძნეთა მომნიჭებელისად.
ხედვიდა ერი მას თუთაშხას განსხეულებულს, ხორცქმნილს და მსახლობელს თვისსა ტაძარსა დიდებულსა შინა უფლად სიყვარულისა და ჰმორჩილებდა წესსა დადებულსა მისგან, ვითარცა წესსა ერთნებაობითა რჩეულისა ხორციელისა მამისა...

კარი პირველი
... გარნა იყო უწვართთა კაცებისა სულსა შინა ზნე რამ მიმალული და ვერსაჩინარი და არსი მისი – მონება მამონისა. რა არღა აპყრია ერმან გონებისა თვალი ზნესა მას კნინსა – განღვივდა იგი და შთავარდა თესლად ცთუნებისა. იმძლავრა ფესვმან უკეთურმან ნიადაგსა შინა ლბილსა, შთასწვდა გეენიასა შესრუტვად ცოდვისა შხამთა. აღმოცენდა ყვავილი კეკლუცი – გარნა დამალპობელი ხორცისა, სურნელოვანი – გარნა დამთრგუნველი სულისა. იხილა და იყნოსა ყვავილი იგი ერმან და უხაროდის, რამეთუ იყო უბრყვილ მიმართ არსისა და უმეცარ მიმართ შედეგისა.
კაცთა გონებისა კარი განიღო ერთი, დახშული მოაქჟამამდე შვიდითა საკლიტულითა უმტკიცესითა, განიხვნა გზა სლვად მორიელისა და იმძლავრა წყურვილმან ხვეჭისა ილეკროთა.
აღაშფოთნა თვალნი უკეთესობითა ყოფამან სხვისმან, მოიცვა გული შხამმან სიხარბისამან და დააბნელა გონება შურმან. განიმახვნენ კაცნი ლახვრად და განიბრტყნენ ფარად მიმართ ერთურთისა. გათითოკაცდა ერი მოგებად საქონელისა და განიბნა წვნევად უმეტესის ფუფუნებისა.
შეება თუთაშხა სატკივართა ქვეყნიერთა, მეოხ ექმნა შეჭირვებასა შინა მყოფსა მრავალსა და განუცრუვნა სხვისისა ოფლითა მოპოვებული ქონება ვიეთთა; მიაგო სამართალი მანქანებითა აღზევებულთა რომელთამე და იღვაწა სახსნელად მიმძლავრებით დამდაბლებულთა; შთაუდო გულსა შინა მშვიდობა მტრად ქმნილთა და გაუცუდა ბოროტთა საქმეთა განზრახვა სხვათა, გარნა იმატა უფრორე:
გამცემლობამან ძმათა და მრუშებამან მეუღლეთა; უმადურებამან მადლფენილთა და ამპარტავნებამან ხელისუფალთა; ლიქნმან ხელქვეითთა და მზაკვრობამან მეცნიერთა; სიმდიდრისა წყურვილმან მცონარეთა, აღზევებისა სურვილმან უმეცართა და სიცრუვემან მერჯულეთა.
ურკვეველ დარჩა თუთაშხა ვითარებასა შიგან, რამეთუ არა უწყიდა, რომლითა ძალით მიეზღო ვალი ქვეყნისათვის თვისისა. მოეკვეთა უნარი მიზეზთა განჭვრეტისა, უქმ ექმნენ ძალნი აღსრულებისათვის საქმეთა საგმიროთა, და ჰრქვა:
– არღა მაქვს ცნობა, კეთილსა ვიქმ ანუ ავსა, უმჯობეს არს, დავიკრიფო მკლავნი მკერდსა ზედა და ვიპყრა ძალი ჩემი უმოქმედობად.
განდგა თუთაშხა ქვეყნისაგან თვისისა, დაინთქა ჭვრეტად და არღა გულისხმა ჰყო სადარდებელი ერისა, რამეთუ ღმერთი არა იყო თუთაშხა.

კარი მეორე
...ოდეს კნინ იქმნა ზნეობა და მიიტაცა სულმოკლებამან უფლება განსჯა-განგებისა საქმეთა, სულგრძელობისა მიერ განსაგებელთა – ჰრქვეს კაცთა:
– ვიეთთაგა მოვიღო ჩემდა რგება ნივთიერი, იგი იყვნენ მოყვასნი ჩემნი!
ვინათგან შემოადგა მოალყე დიდი მეციხოვნეთა რიცხვით მცირეთა – მათ, რომელნი იდგეს ზნეობასა ძველსა ზედა, ეყოთ ზიანი ძნელი და დარჩა წიაღსა შინა კაცთასა სიყვარული იგი, ვითა ბოლქვი უმწეო ნიადაგსა ზედა მწირსა და მოუსავალსა. და იქმნა:
სინდისი – ცნებად გარდასულთა ჟამთა და სიტყვათღა სათრევად ძვირის მეტყველთაგან; ძალა – იარაღად დათრგუნვისათვის სათნოებისა სულსა თვისსა შინა და მიმძლავრებისათვის მოყვასისა; სიკეთე – ნიღბად ავისა განზრახვისა და ქმნისა; დედაკაცი – განმართლებად მეძავეობისა და ბერწობისა; მეგობარი – მალამოდ შიშისათვის წუთისოფლისა და საგნად სხვათა ფარულთა ანგარებათა; ერი – ასპარეზად ნივთთა მოხვეჭისა და ხნულად მიმოთესვისათვის სიცრუვეთა; ვენახი და მინდორი – ადგილად მოყვასისა ნაღვაწის მითვისებისა; პური და საქონელი ყოველი – თავნად აღებისა სარგებელთა და ვახშთა; სოფელი – სივრცედ შურის მიგებისა და სიძულვილისა, რაიცა იქმნა ღმერთად.
იქმნა ყოველი მარტოოდენ, ვითარცა ზემორე ითქვა და დაიხშო ბრწყინვალება მზისა ჭყრტიალისაგან ოქროისა. რწმენა და ზნე ესევითარი განჯდა სიძულვილად ყოველსა ასოსა შიგან და სიღრმეთა სულისასა კაცთა. აღიარა ერმან განმგებლად და მორიგედ ქვეყნიერთა საქმეთა თვისთა ურჩხული იგი საშინელი. საზრდელი მისი – სული და ხორცი კაცთა. მუცელი მისი – აღუვსებელი მარად. არა იყო იგი არსება ერთი და ნადირი ხორციელი, არამედ სული კრებითი, არსი მყოფი კაცთა წიაღსა შინა, ვითა წახნაგთაგანი ერთი მისი, განძლიერებული აწ.
შვა ამა ვითარებამან სიბრჯგუე გონებისა, რომელმან: დაიდვა პური არსობისა მონობითა საპყრობად კაცთა; არა კმასაყოფელ ექმნა ხარი და დაადგა უღელი შვილსა თვისსა; ააგორა ბორბალი იავარქმნად სხვათა ტომთა; მოიმარჯვა ცავარსკვლავეთისა ცოდნა მორჩილებისათვის ხალხთა; დალახნა წყალნი და ხმელნი მოზიდვად დავლისა და ილეკროთა; განსწავლნა ერნი მომსპოლველისა რწმენისა განსავრცელებლად და ახარა ვაზი სამებრუვეოდ მოდგმათა.
ხედვიდა ერი მას ურჩხულსა განსხეულებულს, ხორცქმნილს და მსახლობელს თვისთა სრა-სასახლეთა შინა გუშაგად მამონისა და ჰმორჩილებდა წესსა დადებულსა მისგან, რამეთუ უჩნდა იგი საწადელ, თუცა საზრდელი მისი – ხორცი და სული ერისავე.
მაშინ ჰრქვა თუთაშხამან:
– შეიმუსრა სიყვარული, რამეთუ არა აქვნდა მას სატევარი მძლეველი. აღზევდა ურჩხული, რამეთუ ძალთა მორყევნითა წარსტაცა მხნეობა მამრთა და ქმნა გული მათი დედალ!
აღიღო შუბი თუთაშხამან, აღმხედრდა ჰუნესა თეთრსა ზედა და განიზრახა დათრგუნვა ბოროტისა – ძალითა თვისითა, რამეთუ ღმერთი არა იყო თუთაშხა...

კარი მესამე
…მიუხდა თუთაშხა მას ურჩხულსა პირიდან ცეცხლგადმომდინარეს, შთასცა შუბი ხახასა შინა, განართხო მიწასა ზედა და მოჰკვეთა თავი იგი. უხაროდის მათ ცოტა კაცთა, რომელნი იყვნენ ფარულად თაყვანისმცემელნი წესისა თუთაშხასი და ჰგონებდნენ მას მხსნელად ერისა.
გარნა ფენიქსებრ აღსდგა ურჩხული და მოიბა ერთისა მოკვეთილისა თავისა წილ თავი შვიდი. აღიძრა თუთაშხა კვალად და შემუსრნა შვიდივე თავი ურჩხულისა. მოვიდა სისხლისა ღვარი და მდინარე მისი ადიდებული გარდავიდა ნაპირთაგან წალეკვად ქვეყნისა, წარიღო და დანთქა სისხლმან მონაგარი მამა-პაპათა, არღა დარჩა მხვნელი და არღა შეიქმნა მოცალება თესვისათვის. კაცთა იწყეს კლვა და მუსრვა, რამეთუ ედოთ გულსა შიგან:
რომელთამე განზრახვა ესერიგი მიმართ სხვათა; ვიეთნი კლვიდნენ განურჩევლად და სცემდნენ ნადგურსა, რამეთუ განმდგარ და განყრილ იყვნენ ჭეშმარიტის დანიშნულებისაგან კაცისა სოფელსა შინა; სძულდათ ყოველი, თუმცა არა უწყიდნენ, რაი სურდათ, გარდაი კლვისა და მუსრვისა და ჰქონდათ განმართლებად ბოროტებისა თვისისა მაგალითი თუთაშხასი, რომელმან ძალითა დათრგუნვა იზრახა ურჩხულისა.
ხოლო ურჩხულმან ყოველისა მოკვეთილისა თავისა წილ ამოიყარა შვიდი და ამოდენჯერვე განმრავლდა ბოროტება ერსა შორის.
დაეცა ზარი თუთაშხას ნახულისა გამო და მოიცვა იგი რწმენამ, რამეთუ ვერცა ვინ არგოს მოდგმასა კაცთა, თუ არ კაცმავე.
განიზრახა თუთაშხამან, სულმა კრებითმა მან, გარდაქცევა ძედ ხორციელად და იქმნა თუთაშხა განზრახვასა თვისსა შინა ღმერთად!

კარი მეოთხე
მაშინ აღავლინა ღაღადისი თუთაშხამ მიმართ ცათა:
– ჰე, უზენაესო! არა სართეველად თავისა ვეზიარე ფიქრთა; არა კვართისა ჩემისათვის ვბეჭვე ქსელნი, არა ძიებად შურისა ვეც მახვილნი და არა ათინათისგან მოჯადოებით გარდვიქმენ ძედ ხორციელად. არამედ სნებათაგან განკურნებისთვის მოდგმისა კაცთა. გარნა უქმ მექმნენ ხმევანი გონთა და ძალთა, ვერა მოიღო ნაყოფი კეთილი თესლმან, რომელი ვბნიე მე, რამეთუ არა მომეც ნიჭი გარდაქცევისათვის სიკეთედ ბოროტებისა. აწ მოველ და მომაგე ხვედრი ჩემი და მივაგო ნაგრამსა შენსა.
და განისმა ხმა:
– არა იყავ ძე ხორციელი და მით ვერა ეზიარე სიღრმეთ კაცთა გუნებისა. წარვედ და ჰპოვებ მეინახეთა, რომელნი იზრახვიდნენ ძღვნისა მირთმევას მავანისათვის, გარნა მიჰქონდეთ უბითა მახვილი და ფლასთაგან ძრცვიდნენ მას; ეკრძალვოდნენ აუგის თქმასა მიმართ მოყვასისა, გარნა ამოხორვილ ჰქონდეთ პაღვი ხორცითა მისითა და ეწადოთ მეტ, ჰღაღადებდნენ თაყვანს ღმრთისასა, გარნა სასოებდნენ სატანასა და მძლავრებას მისას ღმერთსა ზედა. ხოლო შენ სდექ მკვიდრად და ურყევლად რწმენასა, ვითარმედ სრულქმნისათვის ღვაწლი არს ჭეშმარიტი დანიშნულება კაცისა და დაგესხმის ნიჭი გარდაქცევისათვის სიკეთედ ბოროტებისა!
მიეცა თუთაშხა ნებითა თვისითა წამებასა უმძიმესსა, სწორად მათისა, რომელნი იყვნენ ერისკაცნი უწამებულესნი. შემდგომ მარტვილობისა განმოეფინა შუბლისა იგურდივ ნათელი სხივთა, უკუმოიქცა სოფელსა და ჰრქვა:
– ესერა, კაცნო! მოველ ხსნისათვის თქვენდა მძლავრებისაგან ურჩხულისა. ჰა, მაგალითი, ვით არს ჯერ მისვლა მსხვერპლად მოყვასისა თვისისათვის, ერისა მარადობისათვის, სრულქმნისათვის სულისა კაცობრიულისა!
მოიკვეთა თუთაშხამ თავისითავე დაშნითა მკლავი მარცხენა, მიუგდო ურჩხულსა და დანთქა მან; მოიკვეთეს და მიუგდეს მათ ცოტა კაცთაც და დანთქა მან; მოიკვეთა თუთაშხამ ფეხნი ორთავ, მიუგდო ურჩხულსა და დანთქა მან; მოიკვეთეს და მიუგდეს მათცა და დანთქა კვალად. შედეგად ამისა იცვალა ფერი თვისი საზიზღარი ურჩხულმან და ნაკლულ იქმნა ძალი ცეცხლისა გადმომდინარესი ხახით. იხილა ერმან ესე ყოველი და რომელთავე აგრეთვე აჭმიეს ასონი თვისნი მას ურჩხულს.
აღედგინა ურჩხული ორთა ფეხთა ზედა, ვითა კაცი, კნინ ექმნა ბრჭყალნი და დინგი მისი გარდაიქცა სახედ კაცისა.
მაშინ განიპო მკერდი თუთაშხამ, აღმოიგლიჯა გული თვისი, უბოძა ურჩხულსა, ხოლო არა დანთქა მან, არამედ ჰრქვა მეტყველებითა კაცებრითა:
– არღა ვარ მწყურვალი სისხლთა, არღა მიძს სურვილი ჭამად კაცთა.
და მიეცა მყის ყველაკასა ახალი, რომელთა მოიკვეთეს ასონი თვისნი.
– არა ჰკლათ კაცი ესე და აჰა, ნიჭი თქვენ, გარდაქცევისათვის სიკეთედ ბოროტებისა.
დაუტევა სულმან თუთაშხასამან ხორცნი მიწასა ზედა, აღევლინა ცად, დაჯდა მთოვარედ და იქმნა ძე იგი ხორციელი ღმერთად.

·

::: გადმოწერა :::

749823 Bytes
13.03.2008, 14:44
კატეგორია: წიგნები | დაამატა: Gio-bero
ნანახია: 2409 | გადმოწერილია: 690 | კომენტარები: 4 | რეიტინგი: 5.0/3 |
სულ კომენტარები: 3
11.11.2011
3. Tamo [ფაილი]
dablokilia???? sad :(

18.10.2008
2. giogri (gio_xurci) [ფაილი]
paroli raa rogor gadmovcero?

22.03.2008
1. Giorgi (Gio-bero) [ფაილი]
magaria smile

კომენტარების დამატება შესაძლებელია მხოლოდ დარეგისტრირებული მომხმარებლებისათვის.
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა
ძიება
Друзья сайта
სტატისტიკა

საიტზეა: 1
სტუმარი: 1
მომხმარებლები: 0
Copyright Gio-bero © 2024

WWW.KUTAISI.BOS.GE

SPECIALIST® Online Certified

PC User